Skip to content

ლოდი

ჩემ ოლიმპოზე ერთი ლოდი დევს.
ისეთი მძიმეა, რომ ოცი კაციც კი ვერ დასძრავს ადგილიდან.
ალბათ, უკვე საუკუნეებია, რაც გაუნძრევლად დევს.
ვინ იცის რამდენი რამ უნახავს…
ალბათ მუშტი-კრივიც, ახალგაზრდა ქალ-ვაჟის თამაშ-ალერსიც. სკოლიდან გამოპარული ბავშვებიც ხშირად დაუმალავს და მამის ჯიბიდან მოპარული, თამბაქოს კვამლიც რამდენჯერ შეუსუნთქავს…
მაგრამ ყველაფრის წარმოდგენას, რაც მას უნახავს, მგონი ჩემი ფანტაზია არც ეყოფა…
ვინ იცის რამდენი რამ აქვს სათქმელი…
მაგრამ დუმს…
დუმს რადგან მეტყველება არ შეუძლია…
იქნებ შეუძლია კიდეც?
შეუძლია, მაგრამ დუმს…
დუმს, რადგან ეშინია რომ არ დაუჯერებენ…
არ დაუჯერებენ…
შეიძლება, ზოგმა ისიც თქვას – ქვაა და ქვას რა დაეჯერებაო…
ჰოდა ესეც დუმს!
იქნებ, ამდენი სათქმელი რომ დაუგროვდა, ამიტომაცაა ასეთი მძიმე?
იქნებ…
ამ სიმძიმეს ახლა მეც ვგრძნობ, მკერდის მარცხენა ნაწილში…

“ჩემი საქართველო”

 სოფელ აზავრეთის სკოლის, მერვე კლასის კარს თუ შეაღებ, ეს ორი გოგონა აუცილებლად მოგხვდება თვალში. ეს, თეთრი და მწვანე თვალება, მუდამ რომ იღიმის, – ლარისა შიპაკციანია. პირველ მერხთან მჯდომი, ერთი ციდა გოგონა, თვალები მუდამ მხიარულად რომ უციმციმებს, – ანიჩკა სერობიანია. ორივე ძალიან მოწესრიგებული და ბეჯითი მოსწავლეა. ძალიან უყვართ ქართული ენა. ორივე კარგად წერს. როცა საშინაო დავალებად რამე თემა აქვთ მიცემული, სხვები თუ ნახევარ გვერდს წერენ, მათ ორი ფურცელი მაინც უწერიათ.
   გუშინ დავალებად თავისუფალი თემა მივეცი “ჩემი საქართველო”. შეეძლოთ დაეწერათ ის რაც სურდათ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. როცა ამ გოგონების თემებს ვკითხულობდი, სიხარულის ცრემლები მომადგა თვალებზე. საოცარი გრძნობა დამეუფლა. ეს გრძნობა ალბათ კარგი ხანს გამყვება.
   ახლა, მინდა თქვენც გაგაცნოთ ამ ბავშვების თემები, ყოველგვარი შესწორების, ამოღების ან ჩამატების გარეშე. დაე, თქვენ თვითონ შეაფასეთ.
                    “ჩემი საქართველო”     
                                         ლარისა შიპაკციანი
   ჩემი სამშობლო საქართველოა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და უმნიშვნელოვანესია. ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ჩემი სამშობლოა. საქართველოს ბუნებაზე ლამაზი და შეძლებული ბუნება არსად არ დამინახია. სადაც ვყოფილვარ ჩემი საქართველოს წყლის და მიწის მსგავსი არ მინახავს. მე ყველაზე ძალიან მომწონს ქართული ხალხის წესები და ტრადიციები. ქართული წესები და ტრადიციები ძალიან საინტერესო არის. კიდევ მე ძალიან მომეწონა და მიყვარს ქართული სტილით ჩაცმა, ქართული სტილი ჩემთვის ძალიან ლამაზია. ის განსხვავებულია სხვა ეროვნების სტილით. მე ძალიან მიყვარს ქართული საჭმელები. ქართული საჭმელები არის ძალიან სასიამოვნო და გემრიელი, მე ყოველთვის ბებიაჩემს ვთხოვ რომ ქართული საჭმელები მოამზადოს, განსაკუთრებით ხაჭაპური, ხინკალი და საცივი, იმიტომ რომ ისინი ძალიან გემრიელი არის. მე მომწონს საქართველოს დედაქალაქი თბილისი. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, უფრო ღამე როცა ნათურებით განათება. საქართველოს ყველა ქალაქები ძალიან ლამაზია, მდიდარი და აქვს მშვენიერი და მწვანე ბუნება.  
   კიდევ მე ძალიან მომწონს ქართული ქორწილი, მე ვყოფილვარ ქართულ ქორწილში და ეგ ქოწილი ჩემ მეხსიერებაშია დარჩენილი, იმიტომ რომ ქართული ქორწილები არიან ძალიან საინტერესო და მხიარული.
   ჩემი შეხედულებით საქართველოში თითქმის ყველაფერი მოწესრიგებულია. საქართველოს მინისტრები, განსაკუთრებით ჩვენი ბატონი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ბევრი დახმარება აჩვენა საქართველოს ხალხს. მარტო მე მაქვს ნატვრა, რომ ჩვენს სოფელში ქართული სიმღერების და ცეკვის სკოლა გაიხსნას, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს და მომწონს ქართული ცეკვები და სიმღერები. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ ვცხოვრობ საქართველოში და სოფელ აზავრეთში და არასოდეს არ შევცვლი ჩემ ძვირფას ქვეყანას და ჩემ სამშობლოს.
   ჩემი სურვილია, რომ მე თბილისში ვისწავლო იურიდიულ ფაკულტეტზე და ვიმუშაო პატრული. მე ძალიან მინდა გავხდე პატრული, იმიტომ რომ რისთვისაც მინდა დავეხმარო ჩემ ქვეყანას.
   მე აგრეთვე მომწონს ჩვენი სკოლა, იმიტომ რომ აზავრეთის საჯარო სკოლაში ჩვენ ვსწალობთ ძალიან მნიშვნელოვან საგნებს და კიდევ საქართველოს ისტორია. და უკვე ვიცით, რომ ჩემი საქართველო იყო ძალიან ძლიერი და მდგარი ქვეყანა.
  ქართველები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყანა და რელიგია. ერთი სიტყვით მე ძალიან-ძალიან მიყვარს და ამპარტავანი ვარ ჩემ საქართველოზე!

                   “ჩემი საქართველო”
                                            ანიჩკა სერობიანი   
  “ მე ვარ ანი. მე ვცხოვრობ ახალქალაქის რაიონ სოფელ აზავრეთში. ჩემი სამშობლო არის საქართველო. მე ძალიან მიყვარს საქართველო, იმიტომ რომ საქართველო არის ჩემი სამშობლო და მე აქ ვცხოვრობ. ჩემი აზრი არის იგი, რომ ყოველი ადამიანი უნდა უყვარს თავისი სამშობლო, იმიტომ რომ აქ ცხოვრობს და აქ ძალიან კარგია. მე ძალიან მომწონს საქართველოს დღეობები, იმიტომ რომ ეს დღეობი საინტერესო და სასიამოვნო იყვნენ. ნიმუში 3 მარტ, გიორგობა და სხვა. ჩემი საქართველო არის ლამაზი და მე მინდა რომ საქართველოს მსგზავსი ჩვენი სოფელი იყოს ლამაზი. მე მინდა, რომ ჩვენს სოფელი იყვნენ სუპერმარკეტები, დიდი მაღაზიები, რესტორნები, თეატრი და სხვა. ანუ ჩვენი სოფელი გალამაზებს და განვითარებს.
   მე მინდა, რომ ჩვენი სკოლა იყოს ახაქალაქის რაიონის ულამაზესი სკოლა და მინდა, რომ იყოს სამსართულიანი. პირველ სართულზე იყოს სპორტულ დარბაზი, რათა ჩვენ ვითამაშებთ იქ. მეორე სართულზე იყოს სასადილო და პატარა მაღაზია, რომ ჩვენ ვსადილობთ იქ და იყიდებთ იგი ყოველივე რომ ჩვენ მინდათ, ხოლო მესამე სართულზე მინდა რომ იყოს ჩვენი კლასები შემკული ლამაზი ყვავილებზეც, ლამაზი სურათებზე და სხვა. ეგ ყოველთან ერთად მე მინდა, რომ ჩვენ სკოლაში ყოველი მოსწავლე ჩაცმულ იყოს ლამაზი სასკოლო ტანსაცმელები. რომ ბიჭები ჩაცმული იყვნენ შავი და ნაცრისფერი შარვალები, ხოლო გოგონები წითელი და შავი კაბები, იმიტომ რომ მე მომწონს კაბები.
   მე მინდა, რომ ჩვენი სოფელში იყვნენ ცნობილი ადამიანების ქანდაკები, რომ ჩვენ სოფელში მოვიდნენ ბევრი ადამიანები, ეგ ცნობილის ცნობილი ადამიანების ქანდკები დანახვისთვის. მინდა, რომ ეს ცნობილ ადამიანებთან ერთად ჩვენ სოფელში მოვიდეს ვახტანგ კიკაბიძე, იმიტომ რომ ის არის ცნობილი მღერალი. მე მინდა რომ ის ვახტანგ კიკაბიძე მოვიდეს ჩემთან სახლში. მე ის კარგათ მასპინძლებს და კარგათ მიღება.
   მე მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო და საქართველოში ნამყოფი ყოველივე! ”
   დიდი, ლამაზი სკოლა, სპორტული და სააქტო დარბაზით აქ ყველა ბავშვის ოცნებაა!

  მინდა ავღნიშნო რომ სხვა ბავშვებსაც საინტერესო ნამუშევრები ჰქონდათ. ამიტომ, მიმოხილვოს სახით, შემოგთავაზებთ ამონარიდებს.

   ნვარდ მანუკიანი
“მე ძალიან მომწონს საქართველოს ისტორია. მე მინდა რომ საქართველოს ისტორია ყველაზე ისწავლოს”
   მიშკინაზ თამამიანი
“ქვეყანაზე ძნელია ისეთი ლამაზი ქვეყნის პოვნა როგორც ჩვენი საქართველო.”
    ანნა აივაზიანი
“დღეს საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი. მე პატივს ცემს ის. მე მინდა რომ პრეზიდენტი ჩემს სოფელში მიდის ჩემს სახლში.”

   პრეზიდენტი აქ ყველაზე სასურველი სტუმარია. აი რას წერს ნელსონ მანუკიანი:
“მე ძალიან მინდა რომ ჩენმთანს სტუმარი მოვიდეს მიხეილ სააკაშვილი, და მე სააკაშვილს კარგათ მიიღებს”
   P.S. არ ვიცი შეიძლება ბევრი არაფერია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვების მასწავლებელი ვარ და ამაყი ვარ, რომ ეს ბავშვები ჩემი მოსწავლეები არიან! 

ჩვენ, ქართველები…

ერთხელ მეგობრებთან ერთად ვქეიფობდი, თბილ ოთახში, მხიარულად მოგიზგიზე ბუხართან. პატარა სუფრა გვქონდა, – ყველი, შოთის პური, მწვანილი, მაროლი და რაც მთავარია, ხელადით კახური ღვინო.
რას ავღნიშნავდით?
ჩვენ, ქართველებს მოლხენისთვის მიზეზი არ გვჭირდება!
სადღეგრძწლო, ლექსი, სიმღერა, ცეკვა, სუფრის წესების სრული დაცვით, ენაცვლებოდა ერთმანეთს.
ჩვენ, ქართველებმა მართლაც ლაზათიანი ლხინი ვიცით!
კარზე დააკაკუნეს. გავაღეთ. ზღურბლთან ზამთარი იდგა. მოვიპატიჟეთ მოულოდნელი სტუმარი.
ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ!
ღვინო დავაძალეთ. რაც გვქონდა ყველაფერი საუკეთესო მივართვით.
ჩვენ, ქართველები თხილის გულს ცხრად ვყოფთ!
დაღლილი იქნებაო სტუმარი, თბილი ოთახი დავუთმეთ, მოსასვენებლად და ჩვენ სხვა ოთახში გადავინაცვლეთ, ქეიფში გასათენებლად.
ჩვენ, ქართველებს ყველაფერი ზომაზე მეტი გვიყვარს!
დილით, იმ ოთახში უკვე აღარ თბილოდა. აღარც ცეცხლი გიზგიზებდა ბუხარში. სანამ ჩვენ ლხინით ვიყავით გართულნი, იმ ოთახის მასპინძელი უკვე ზამთარი გამხდარიყო…
ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და რა ხშირად ვგრძნობთ თავს სტუმრად საკუთარ სახლში!

ვინ არის ქალი?

ვინ არის ქალი?
ქალი მარტიაო, ამბობენ…
არა, ქალი მარტო მარტი არაა…
მე რომ მკითხონ, ქალს მთლიან წელიწადს შევადარებდი.
ქალი?!
ქალი გაზაფხულია…
მარტივით ცვალებადი…
აპრილივით კეკლუცი…
მაისივით მშვენიერი…
ქალი?!
ქალი ზაფხულია…
ივნისივით შრომისმოყვარე…
ივნისივით მეოჯახე…
აგვისტოსავით მხურვალე…
ქალი?!
ქალი შემოდგომაა…
სექტემბერივით ხელგაშლილი…
ოქტომბერივით სტუმართმოყვარე…
ნოემბერივით ანგარიშიანი…
ქალი?!
ქალი ზამთარია…
დეკემბერივით ცივი…
იანვარივით ტკბილი…
თებერვალივით იმედიანი…
ქალი?!
ქალი წელიწადია, თავის თორმეტი თვით…

რა ფერია მზე?

 რა ფერია მზე?
 -ყვითელი არისო, ჩასვლისას კი მოწითალო ფერი დაკრავსო,-ალბათ მიპასუხებთ.
 არ ვიცი! მე ის, უკვე კარგი ხანია, აღარ მინახავს. აქ მხოლოდ თეთრი ფერია. თეთრია ყველაფერი: მთები, ხეები, სახლები… ალბათ მზეც თეთრია და ამიტომ ვერ ვამჩნევ.
 ისე, რა ლამაზია ყველაფერი, ასე რომ არ ციოდეს. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის იყო ტემპერატურა ნულს ზევით.
 მაშ რა მაძლებინებს, მეგობრებში ყველაზე ცნობილ მცივანას, რომელიც ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, მურა დათვივით ბუნაგში იზამთრებდა, აქ, ამ მინუს უსასრულობაში?!
 მე ხომ მასწავლებელი ვარ!
 სიცივეც, თოვლიც და ქარბუქიც მავიწყდება, როცა სკოლის კარს შევაღებ და გაკვეთილები იწყება. ანდა როგორ უნდა გაგახსენდეს, როცა ირგვლივ ამდენ ანთებულ მზეს ხედავ.
 მე უკვე ვიცი რა ფერია მზე!
 მზე ამ ბავშვების თვალების ფერია, სიყვარულით და სითბოთი სავსენი რომ შემოგციცინებენ!
 მზე ამ თვალების ფერია, სიხარულით რომ ბრწყინავს, როცა საკლასო ოთახის კარს შევაღებ!
 დიახ, მე უკვე ვიცი რა ფერია მზე!

გადავწყვიტე დირექტორი გავხდე!

გადავწყვიტე დირექტორი გავხდე!
რატომ?
ეს იდეა გასულ ზაფხულს გამიჩნდა, მაშინ როცა პროექტ “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე გავხდი. მივხვდი რომ საჩემო საქმე ვიპოვე. საქმე რომელიც ენერგიით მავსებს და საქმე რომელიც არასდროს მომწყინდება. სკოლაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. როგორი დაღლილიც გინდა ვიყო, ან სულაც – შეუძლოდ, როცა გაკვეთილზე შევდივარ და ბავშვების სიყვარულით სავსე მზერას ვაწყდები, ყველა პრობლემა მავიწყდება და მაშინ აღარაფერი არსებობს ჩემთვის, ამ ბავშვების გარდა. ამ დროს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, რომ ეს პატარა უმწეო ბარტყები საქართველოს მომავალია და რომ მე, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ბარტყებმა თამამად და ლაღად შეძლონ ფრენა.
გადავწყვიტე დირექტორი გავხდე!
რატომ დირექტორი?
ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე დიდწილად, აწ განსვენებული, ჩემი დირექტორის ვალერი ჯანიაშვილის დამსახურებაა.
მახსოვს როგორ ევლებოდა თავს სკოლას და ჩვენ, მის შვილობილებს. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი სკოლა წარმატებული ყოფილიყო და ყველა მის მოსწავლეს მიეღწია წარმატებისთვის. მახსოვს როგორ ტიროდნენ ბავშვები მის დაკრძალვაზე. მახსოვს როგორ მიაცილებდა მთელი სოფელი სასაფლაოზე.
მინდა ასეთი დირექტორი ვიყო!
მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი სასახელო ადამიანი გავზარდო ჩემი ქვეყნისთვის!
დღეს დიროქტორობის გამოცდებზე რეგისტრაცია გავიარე. იმედია ყველაფერი გამომივა.
გადავწყვიტე დირექტორი გავხდე!

ნავთის ლამპა

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი… ერთი ჩვეულებრივი ქართული სოფელი… სხვებისგან არაფრით გამორჩეული, პატარა სახლი, რომლის ფანჯრებიდან სუსტი შუქი ანათებს…
მოდი შევიხედოთ ამ ოთახში…
მაგიდზე ნავთის ლამპა ანთია. ოთახში სამი საწოლი დგას. მოშორებით მდგომ საწოლში მწოლიარე პატარა გოგონას უკვე სძინავს. გვერდიგვერდ მდგომ საწოლებში, კი ორი ბიჭუნა წევს. ასე ექვსი-შვიდი წლისანი თუ იქნებიან. წვენან და გაფართოებული თვალებით შესცქერიან დედას, რომელიც ნავთის ლამპას მისჯდომია და თავის პატარებს ზღაპრებს უკითხავს.
გადის ცოტა ხანი…
ნავთის ლამპასთან უკვე ორი ბიჭუნა ზის. სხედან და გაფაციცებით კითხულობენ რაღაცას. კითხულობენ სულ, დღისით და ღამით. რვა-ცხრა წლისებს უკვე ბიბლიაც აქვთ წაკითხული. განსაკუთრებით პატარა ძმა აქტიურობს. კითხულობს ყველაფერს რაც ხელში მოხვდება. გაკვეთილების მომზადებისას, სკოლის წიგნების ქვეშ, ყოველთვის აქვს დამალული საკითხავი წიგნი და როგორც დედა თვალს მოაშორებს, მაშინვე კითხვას იწყებს. თან ძალიან სწრაფად კითხულობს. ისე სწრაფად რომ ბიბლიოთეკარს ეჭვი ეპარება და კითხვებით პატარა გამოცდას უწყობს. სხვა რა გზაა უნდა დაუჯეროს და ყოველ დღე რომ არ შეაწუხოს, ჩანთას წიგნებით უვსებს. როცა საკითხავი ელევა, ხლახლა იწყებს კითხვას. სახლის, არცთუ პატარა, ბიბლიოთეკაში წიგნი არ დაუტოვებია, რომ სამჯერ მაინც არ წაეკითხა. განსაკუთრებით ისტორიული და სათავგადასავლო წიგნები უყვარს. მისი საყვარელი წიგნი კონსტატინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელია”, რომელიც რვაჯერ წაიკითხა და კიდევ წიკითხავს ალბათ რამდენჯერმე.
ალბათ მიხვდით, რომ ის პატარა ბიჭუნა უკვე გაიზარდა, მასწავლებელია და სახლიდან მოშორებით, სხვების განათლებაზე ზრუნავს. დღემდე, იმ ნავთის ლამპას უმადლის იმას რაც ისწავლა, იმას რომ ასე ძალიან უყვარს წიგნები და იმას რომ ახლა მასწავლებელია.
ერთხელ თავის მოსწავლეებს ჰკითხა, – თუ რამდენი წიგნი ჰქონდათ წაკითხული. აღმოჩნდა, რომ 80%-ს საერთოდ არ ქონდა კლასგარეშე ლიტერატურა წაკითხული, ხოლო საუკეთესო მოსწავლეს – ათიოდ წიგნი.
სამწუხაროა რომ ეს მარტო ამ სკოლის პრობლემა არაა!
2010 წელს საქართველო, წიგნის კითხვის მხრივ, ბოლოდან მეექვსე ადგილზე გავიდა, მსოფლიოს მასშტაბით!!!
კომპიუტერების ეპოქაში რაღადროს წიგნიაო! – შემომედავება ვიღაც. მეც ძალიან მიხარია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები ასე ვითარდება, რომ ინტერნეტის საშუალებით, შეგვიძლია უამრავი წიგნი მოვიძიოთ და უამრავი საჭირო ინფორმაცია მივიღოთ, ოთახიდან გაუსვლელად.
მაგრამ იყენებს კი ვინმე ინტერნეტს ამ მიზნით?!
როგორ ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩვენი ახალგაზრდობის 5% მაინც იყენებდეს ინტერნეტს, განათლების მისაღებად!
ხანდახან როგორ ძალიან მენატრება ხოლმე ის ნავთის ლამპა…